დინამო ბათუმის პრეზიდენტის ინტერვიუ პორტლათან popsport.com.

დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და ზედიზედ მეორედ ვიცე-ჩემპიონი გახდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ აჭარული კლუბის თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. თუმცა, გამოცდილი ფეხბურთელი კლუბში რჩება და ამიერიდან სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

POPSPORT: პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ სეზონს?

არჩილ ბერიძე: როგორც წინა წელს, ვფიქრობ, რომ დინამო ბათუმი ახლაც საჩემპიონო გუნდი იყო, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა და ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მიღწეული შედეგიც არ არის ცუდი – ზედიზედ მეორედ გავხდით ვიცე-ჩემპიონები და ასეთი ფაქტი დინამო ბათუმის ისტორიაში არ ყოფილა. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქალაქმა აისრულოს ნატვრა და დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდეს.

POPSPORT: როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ პირველობამდე – უკვე მეორე სეზონია, ჩემპიონატის ბედი ბოლო ტურში წყდება…

ბერიძე: ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიამ შეგვიშალა ხელი. გარდა ამისა, ნამდვილად იმოქმედა მნიშვნელოვან პერიოდში გუნდისთვის ძალიან საჭირო და მთავარი ფეხბურთელის გამოკლებამ. ასევე, სახლში ვერ ვითამაშეთ ის მთავარი თამაში დინამო თბილისთან, რომელიც ყველაფერს წყვეტდა. ძირითადად აი, ამ სამ მიზეზს დავასახელებდი.

POPSPORT: რა სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული კოვიდპანდემიის პერიოდი გუნდისთვის?

ბერიძე: ეს, რა თქმა უნდა, გლობალური პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა. ჩემპიონატი შეწყდა, შემდეგ გაგრძელდა, ისევ შეწყდა, თბილისში შევიკრიბეთ, გავაგრძელეთ იქ ვარჯიში, ბათუმში ჩამოვედით. იყო მოლოდინი, რომ სტადიონი დღე-დღეზე გაიხსნებოდა, რომელიც საბოლოოდ გაიხსნა და ვფიქრობ, ყველა ბათუმელმა აისრულა დიდი ხნის ოცნება – ქალაქს თავისი სტადიონი აქვს. მთლიანობაში, ხელი ამ მოლოდინის რეჟიმმაც შეგვიშალა.

POPSPORT: რამდენად იქონია იმ ფაქტორმა გავლენა, რომ სეზონი ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარდა?

ბერიძე: ცხადია, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ორ წრედ ჩატარდა ჩემპიონატი, კონცენტრაცია ვეღარ მოვახდინეთ. ვფიქრობ, რომ ოთხწრიან ჩემპიონატში დინამო ბათუმის შანსი ჩემპიონობაზე გაცილებით მაღალი იქნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, დროს უკან ვერ ვაბრუნებთ.

POPSPORT: ჩვენი ინფორმაციით, ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა…

ბერიძე: პირველ რიგში მინდა, ლადოს ჩვენთან გატარებული ორი წლისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. ამ ორ ვიცე-ჩემპიონობაში მისი წვლილი ძალიან დიდია. დვალიშვილს შევთავაზეთ სპორტული დირექტორობა და ისიც დაგვთანხმდა. ბევრი ცვლილება გვექნება, რასაც მომავალში აუცილებლად შევეხებით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლადო სპორტული დირექტორის რანგში იმუშავებს. ბატონი ასლან ბალაძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

POPSPORT: რა ცვლილებები იქნება გუნდში. გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელებზე კონკრეტულად რომ გვითხრათ…

ბერიძე: ამას მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს. იცით, რომ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შედგა და კონტრაქტზე ხელი მოწერილია. ეს არის გრიგოლ ჩაბრაძე, რომელიც თელავში იჯარით თამაშობდა და საბურთალოს საკუთარებაში იყო და მეორე, გიორგი ზარია, რომელიც დინამო თბილისში თამაშობდა.

POPSPORT: ახალ ტრანსფერებზე რა სიტუაციაა, თუ მიმდინარეობს უკვე მოლაპრაკებები რომელიმე ფეხბურთელებთან?

ბერიძე: დიახ, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უცხოელ და ასევე, რამდენიმე ქართველ ფეხბურთელთან. როგორც კი წინსვლა გვექნება და კონტრაქტს გავაფორმებთ, გაცნობებთ. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავიხადო ევროპაბეთსა და პოპსპორტს თანამშრომლობისთვის – ეს ერთად კარგი საქმის კეთების თვალსაჩინო მაგალითია..

POPSPORT: რა იქნება დინამოს მიზანი ახალ სეზონში და რას უნდა ელოდოს ქომაგი?

ბერიძე: ასევე დიდი მადლობა გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ასეთი ქომაგობისთის. დინამო ბათუმს ერთი წუთითაც არ მოკლებია ქომაგების მხარდაჭერა. ახალ სეზონში ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება და კონფერენსლიგაზე რაც შეიძლება მეტი ეტაპის გავლა – თუ შესაძლებელი იქნება, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის გამარტივდა ჯგუფში შესვლა. ასე რომ, ვალდებულები ვართ, ეს შანსი გამოვიყენოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.

სად გავიდნენ ქართული კლუბები და რა ხდება ახალ ევროტურნირზე – აქ წაიკითხე