საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის გადადებულ შეხვედრაში დინამო ბათუმმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და ახალ სტადიონზე პირველი მარცხი განიცადა. სეზონის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, დინამო თბილისთან ჩამორჩენა უკვე 5 ქულაა.

თამაში დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. 

სამივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა. 65-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემით გიორგი ნიქაბაძემ მცველს დაასწრო და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 74-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. შორეული ძელი ლოკოს მცველმა დავით უბილავამ ჩაკეტა და ცარიელ კარში იოლად გაიტანა. 8 წუთში კი მან საგოლე პასიც მიითვალა, გადამწყვეტი გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი გახდა. 1:2.

დინამო ბათუმი 1:2 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (82)

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, შერგელაშვილი – ვაგნერი (83. ჯიჯავაძე), მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე, ჯიღაური (83. თევდორაძე)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – ძებნიაური, დარცმელია – თ. კირკიტაძე (76. კაპანაძე), სამურკასოვი (67. გავაშელიშვილი), დ. კირკიტაძე (53. იმრანი) – სიხარულიძე