დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენმა გუნდმა მე-10 ტურის მატჩში თბილისის მერანი სტუმრად 2:1 დაამარცხა და დინამო თბილისს 1 ქულით გადაასწრო. გია გეგუჩაძის გუნდიდან გოლები რეინალდომ და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს.

თამაშის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დავით მუჯირმა ჯაბა ჯიღაური ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზით დააჯილდოვა.

პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტის შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. შედეგად, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა და გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი დინამომ აქტიურად დაიწყო და მალევე შეძლო იმ უპირატესობის მოპოვება, რამაც თამაში მოაგებინა. ვლადიმერ მამუჩაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ, ბრაზილიელმა რეინალდომ ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა. ბრაზილიელი პირველად იყო ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობაში და ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა.

სამი წუთის შემდეგ მამუჩაშვილმა კიდევ ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჯაბა ჯიღაურმა გააგრძელა და ზუსტი დარტყმით გიორგი ნიქაბაძემ დაასრულა, რომლისთვს ეს მე-2 გოლია ჩვენს გუნდში.

მატჩის მიწურულს თბილისელებმა ერთი ბურთი გაქვითეს – გოლი გოგოლაშვილის ანგარიშზეა. დარჩენილ დროში დინამო ბათუმს რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ, 2:1 ბათუმელთა სასარგებლოდ.

დინამო ბათუმს 10 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს (5 მოგება, 5 ფრე), ეროვნულ ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია და პირველ ადგილზეა. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს ევროპალიგაზე ბეერ-შევას ჰაპოელთან გამართავს, რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, მე-11 ტურში დინამო თბილისს 12 სექტემბერს უმასპინძლებს.

მერანი თბილისი 1:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 რეინალდო (51), 0:2 ნიქაბაძე (54), 1:2 გოგოლაშვილი (85)

მერანი თბილისი (4-3-3): თევდორაძე – ნუსუევი (80. ხაბულიანი), ფოფხაძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი – ვასაძე, სარდალიშვილი, შარიქაძე – გაბისკირია, ფიფია (76. შენგელიძე), გეწაძე (68. გოგოლაშვილი 68)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – მამუჩაშვილი (71. ჩალაძე), კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – ტეიდი, მანჯგალაძე – ვაგნერი, რეინალდო (59, თევდორაძე), ჯიღაური – ნიქაბაძე (81. დვალიშვილი)