დინამოელებს ბეერ შევას ჰაპოელის სახით რთული მეტოქე ჰყავდათ. აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე თამაშის წინ აცხადებდა, რომ ისრაელში ურთულეს მატჩს ელოდა.
ბათუმელები აქტიურად უტევდნენ და პირველ 45 წუთში სამჯერ შეეძლოთ გატანა – მომენტები გიული მანჯგალაძეს, ფლამარიონ ჯოვინოს და ჯაბა ჯიღაურს შეექმნათ. გოლები კი მასპინძლებმა გაიტანეს: მე-9 წუთზე ანგარიში ჟოსუემ გახსნა, 21-ე წუთზე კი, კაბჰას დარტყმის შემდეგ ბურთი ალავიძის კარში რიკოშეტით აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი დინამომ იძულებითი ცვლილებით დაიწყო: ტრავმირებული ნავალოვსკის ნაცვლად, თამაშში ჩალაძე ჩაერთო. გეგუჩაძის გუნდმა სცადა, კიდევ უფრო აქტიურად შეეტია. სხვაობის შემცირება ვაგნერ გონსალვეშს და ბენჯამინ ტეიდის შეეძლოთ. 61-ე წუთზე კი ანგარიშ 3:0 გახდა და მატჩის ბედიც გადაწყდა – ჟოსუემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
“ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მარცხი, შეგვიძლია, გარკვეულწილად უიღბლობასაც დავაბრალოთ. ჰაპოელს ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე არ ვიტყვი იმას, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ეს ანგარიში მართლაც რომ მეტისმეტია. მინდა, ჩემი ბიჭების სასახელოდ ვთქვა, რომ მოინდომეს. კარის ასაღებად კარგი მომენტები გვქონდა. რთული თამაშს მოლოდინი გამართლდა და საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ამით ჩვენი მიზნები და ამოცანები არ იცვლება, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მარცხი არავის უხარია – არც ჩვენ, არც ფეხბურთელებს და თავისთავად ცხადია, არც გულშემატკივრებს. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. ამ შეფასების გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, აუცილებლად იქნება პროგრესი.”
ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი)
“ასეთ უიღბლობას არ ველოდებოდი. პირველი ორი ბურთი ისეთი გავუშვით… არ ვიცი. ის ორი გოლი არაფრისგან გავიდა. 2 დარტყმა აქვთ და 3 გოლი გაგვიტანეს. თუმცა შვებას არ მოგვიტანს, ვთქვათ, რომ ჩვენი ბრალი არ იყო. ყველაფერი ჩვენი ბრალია. რაც საქართველოს ჩემპიონატში გვყოფნის, აქ არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა ეროვნულ ლიგაზე გადავერთვებით, წინ რთული თამაშები გველის.”
ჰაპოელი 3:0 დინამო ბათუმი
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)
ჰაპოელი (4-5-1): ლევიტა – დადია, ვიტორი (79. ტაა), ცედეკი, გოლდბერგი – სალალიჩი, კაბჰა (63. იოზეფი), კელტიენსი, ჟოსუე, აკოლასტე – შვირო (75. ვარენი).
დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (45. ჩალაძე) – ჯიღაური, ტეიდი, მანჯგალაძე (79. გაფრინდაშვილი) – ვაგნერი, ნიქაბაძე (64. რეინალდო), ჯოვინო.