საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა საწყისი 4 ფრის შემდეგ მდგომარეობა გაიუმჯობესა და ლიდერებს მიუახლოვდა.
მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. სტუმრებიც თავს კარგად იცავდნენ, თუმცა ერთ ეპიზოდში დინამო ბათუმის შესანიშნავი კომბინაცია შედეგიანი გამოდგა.
35-ე წუთზე საგოლე შეტევა ჯოვინო ფლამარიონმა დაიწყო და მანვე დაასრულა, კომბინაცია კი შესანიშნავი გამოდგა. ბრაზილიელის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ქუსლით ჯაბა ჯიღაური მოძებნა, რომელაც მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულ კიჭი მელიავას დროული გადაცემა გაუკეთა. დინამოელთა განაპირა მცველმა გიული მანჯგალაძეს გადააწოდა, რომელმაც ჯოვინოს იდეალური პასი გაუკეთა და ბრაზილიელმაც მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა.
მეორე ნახევარში ტორპედო უფრო აქტიური გახლდათ და საგოლე შანსიც მეტი ჰქონდა, მაგრამ გეგუჩაძის გუნდმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის არათუ შენარჩუნება, არამედი გაზრდა მოახერხა. 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ვაგნერ გონსალევშმა ჩააწოდა გიული მანჯგალაძემ ერთი შეხებით მოახერხა მეტოქის კარის აღება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში რეინალდოს დებიუტი შედგა. ბრაზილიელი მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა. დინამო ბათუმმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და 10 ქულა დააგროვა.
დინამო ბათუმი 2:0 ტორპედო
გოლები: 1:0 ჯოვინო (35), 2:0 მანჯგალაძე (88)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – მელიავა, კობახიძე (86. ობოაბონა), გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ჯიღაური, ჯოვინო (89. რეინალდო), მანჯგალაძე – ნიქაბაძე (61. ვაგნერი)
ტორპედო (4-4-2): შოვნაძე – ტაბატაძე, ადამაძე, კასრაძე, ნადარაია – ივანიშვილი 77. შარვაშიძე), ჯანელიძე, მარკოვიჩი, ბობკო (86. კვერნაძე) – ფანცულაია (73. პონომარი), ციცქიშვილი