წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება! დინამო ბათუმმა კომპანია ევროპაბეთთთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში აჭარულ კლუბში 340 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კვლავ სპორტული პორტალი პოპსპორტი იქნება.

ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის თანამშრომლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და განვლილ პერიოდს ორივე მხარე დადებითად აფასებს. ამ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული ბათუმური კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. მორიგი ვიცე-ჩემპიონობისა და უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, დინამო ბათუმს ევროპაბეთის სახით კვლავ სოლიდური პარტნიორი ეყოლება.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

“ძალიან მაგარი 2 სეზონი გავატარეთ ერთად და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. დინამო ბათუმი თავის ახალ ისტორიას წერს და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ბოლო ორ სეზონში საქართველოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ეს არ არის მთავარი…

დინამო ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია, დიდი ისტორიით და ლოიალური გულშემატკივრით – ამ ფაქტორების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და კლუბში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მგონია, რომ ამ საფეხბურთო ორგანიზაციას საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე გაცილებით მასშტაბური ამბიციები შეუძლია ჰქონდეს.

ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპებს თანასწორობა და მიზნისკენ სწრაფვა განსაზღვრავს, პარტნიორებსაც ყოველთვის ამ ნიშნით ვარჩევთ. ღირებულებების თანხვედრის გარდა, ბათუმში გულშემატკივარმა მიგვიყვანა. ისინი სტადიონზე ყოველ თამაშზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციას ქმნიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რეალობისთვის უნიკალურია – გვინდა, ამას ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შევძლებთ, ერთად ვიზეიმოთ ბევრი გამარჯვება უკვე ახალ არენაზე და ერთად გავაგრძელებთ ბათუმის დინამოს ისტორიის წერას.”

ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)

“ჩვენი კლუბის, ევროპაბეთისა და პოპსპორტის თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ – ეს კარგი საქმის ერთად კეთების მაგალითი იყო და მიხარია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. კლუბს უკვე აქვს უმაღლესი კლასის საშინაო არენა, ფუნქციონირება დაიწყო დინამო ბათუმის აკადემიამ, რეკონსტრუქცია უტარდება ანგისას ბაზას – მიზნებიც და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. დინამოს განვითარების გზაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ისეთი ძლიერი და საიმედო პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია.”

ევროპაბეთს ქართულ სპორტში ინვესტირების დიდი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კომპანია ევრობასკეტზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.