ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა.

ახალი არენა სავსე ტრიბუნებითა და მნიშვნელოვანი მატჩით გახსნას იმსახურებდა, მაგრამ კორონავირუსმა ზეიმი რამდენჯერმე გადადო, ახლა კი ულამაზესი არენა გაიხსნა, მაგრამ ფეხბურთის გარეშე და მხოლოდ 200 ადამიანის თვალწინ.

გახსნის ცერემონიალს  საქართველოს პრემიერმინისტრი, აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძემ, სულხან ჯაიანმა და სოფო ხალვაშმა აჭარის სახელმწიფო კაპელასთან და ანსამბლ ბათუმთან ერთად შეასრულეს.

გიორგი გახარია (საქართველოს პრემიერ მინისტრი):  “დღეს, ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება ახდა. დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო. ეს სტადიონი ხორუმის აქცენტებით არის აშენებული.რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, ბათუმის დინამოსთვის და თითოეული გუნდისთვის, რომელიც ამ მოედანზე იასპარეზებს., გილოცავთ ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს“.

თორნიკე რიჟვაძე (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე): “მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ დღეს ბათუმში, განსაკუთრებით კი ჩვენი “პირატები” 14 წლის განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს. სამწუხაროა, რომ, როგორც დაგპირდით, სავსე ტრიბუნებით ვერ გავხსენით სტადიონი. მაგრამ გპირდებით, რომ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და კიდევ უფრო საზეიმო ვითარებაში გავხნსით ამ ახალ სტადიონს”.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა ბათუმი და არა მარტო ბათუმი, როდესაც ეს არაჩვეულებრივი პროექტი დასრულდებოდა. მე დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს დღე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ბათუმელი გულშემატკივრები. ეს სტადიონი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და აქ შეიძლება ჩატარდეს, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო მატჩები. სტადიონი შეიძლება გამოვიყენოთ არასაფეხბურთო ღონისძიებებისთვისაც. მადლობა ყველას ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ სტადიონის მშენებლობაში. ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი და წლების განმავლობაში აკლდა ის. სტადიონი კი არა მოედანიც არ ჰქონდა ბათუმს. გვეამაყება, რომ დღეს ეს ყველაფერი შევძელით”.

კახა კალაძე: “როგორც ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვუერთდები მილოცვებს. ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაგარი ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეპიდემიური ვითარების გამო, ასე სიმბოლურად გვიწევს სტადიონის გახსნა, მაგრამ ყველას ვპირდებით, როგორც კი სიტუაცია აქაც და ევროპაშიც დასტაბილურდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ მსოფლიოს ვარსკვლავებს და გავმართავთ ამხანაგურ მატჩს. საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის წინსვლას, ყველაფერი კი მომავალი თაობისთვის კეთდება”.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. არენა უეფას მე-4 კატეგორიისაა და 20 000 მაყურებელს იტევს. ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის გახსნა საქართველოს საფეხბურთო პირველობის მატჩით, ბათუმისა და თბილისის დინამოების დაპირისპირებით, 12 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ თამაშის ჩატარებას ხელი გაუარესებულმა ეპიდ-სიტუაციამ შეუშალა.

stadium1
stadium
stadium3
stadium2
stadium