საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურში მთავარი თამაში ქუთაისში გაიმართა – დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის დაპირისპირება ნომინალური სტუმრების გამარჯვებით, 1:3 დასრულდა.

ამ მატჩამდე გუნდები პირველ-მეორე ადგილებზე მოვიდნენ, გია გეგუჩაძის ბათუმი 20 ქულით ლიდერობდა და ჩისკოს დინამოს მხოლოდ ქულით უსწრებდა. ამასთან, დინამო ბათუმი ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებლად ასპარეზობდა. 

ჩისკოს ხელახალი დებიუტი დინამო თბილისში წარმატებული გამოდგა: პირველ ტაიმში ჩემპიონმა ალავიძის კარში ორი, თითქმის იდენტური სუპერგოლი გაიტანა – ჯერ გიორგი გაბედავამ გაისროლა საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან და შემდეგ იმავე პოზიციიდან ბაქარ ქარდავამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ზარიამ ორშულას პასით მესამე გოლი გაიტანა. 

დინამო ბათუმს ერთი გოლის გაქვითვის შესანიშნავი შანსი მიეცა, ხელით თამაშისთვის თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ნაკრების ორი ფეხბურთელის დუელში მეკარემ მოიგო – როინ კვასხვაძემ ჯაბა ჯიღაურის პენალტი მოიგერია. კვასხვაძემ კიდევ ერთხელ სცადა პენალტის მოგერიება, 89-ე წუთზე კვლავ ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანისას, მაგრამ ვაკო თევდორაძემ გატანა და ერთი გოლის გაქვითვა შეძლო.

დინამო ბათუმი 19 სექტემბერს საქართველოს თასზე გაგრას შეხვდება. დინამო თბილისს კი 17 სექტემბერს მნიშვნელოვანი მატჩი ელის უელსში – ევროპალიგის II საკვალიფიკაციო წრეში კონაჰს ეთამაშება.

დინამო ბათუმი 1:3 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 გაბედავა 39′, 0:2 ქარდავა 45′, 0:3 ზარია 52′, 1:3 თევდორაძე 89′ (პენალტი)

 

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე – ჯიღაური, ტეიდი (73. შერგელაშვილი), მანჯგალაძე – ვაგნერი (81. თევდორაძე), ნიქაბაძე (53. გაფრინდაშვილი), რეინალდო

 

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე – იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე – ქარდავა (82. კუცია), პაპავა – ორშულა, ზარია (59. კუხიანიძე), ქავთარაძე – გაბედავა (68. კაპანაძე)