ჯაბა ჯიღაური საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე პასია.  დინამო ბათუმის და საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა. ჯიღაურმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონზე, კორონავირუსის დროს ფეხბურთის თამაშის სირთულეებზე, ბათუმის ახალ სტადიონზე და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალის მოლოდინზე ისაუბრა.

POPSPORT: ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებ?

ჯაბა ჯიღაური: მომზადება და ვარჯიში რთულ პირობებში გვიწევს, თამაშებიც პაუზებით ტარდება და ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვართ – ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. 5 ტურია დარჩენილი და ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი გვაქვს. რაც შეეხება წინა მატჩებს: იყო ჩავარდნებიც, აღმასვლაც. ბოლო ორი თამაში მოვიგეთ და ამან ჩვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედა. ჩვენთვის მთავარი გუნდური თამაში, გუნდური გამარჯვებაა და არა ის, ვინ იყო საუკეთეს მოედანზე. ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ მატჩს,თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

POPSPORT: ბოლო ორი თამაში სტუმრად მოიგეთ – მათ შორის, თელავში. როგორ გაიხსენებ ამ შეხვედრას?

ჯიღაური: ძალიან ძლიერი წვიმა იყო, თამაში ფაქტობრივად ტალახში მოგვიწია. მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი გოლი მივიღეთ, ამან ცოტა უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ შევძელით მობილიზება და სამი გოლის გატანა მოვახერხეთ. თელავი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ამ გუნდისთვის სტუმრად 3 გოლის გატანა რთულია. საბოლოო ჯამში, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

POPSPORT: საბურთალოსთან მატჩამდე გუნდს სანაკრებო შეკრებიდან შეუერთდი და გამარჯვების გოლიც გატანე…

ჯიღაური: საბურთალოთან თამაში სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართა და ბიჭებს ცოტა მეტი პაუზა მოუწიათ მატჩამდე. ფიზიკური კონდიციებიც არ იყო სახარბიელო, მაგრამ თამაში ისე წარიმართა, რომ ნათელი იყო, შეხვედრის ბედი ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა და საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ გატანა და გავიმარჯვეთ.

POPSPORT: კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რამდენად რთულია ფეხბურთს თამაში?

ჯიღაური: ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, რადგან არ იცი, რამდენ დღეში გიწევს თამაში. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს და ისახება არა მარტო ჩვენზე, არამედ ყველა გუნდზე. ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაც რთულია, გიწევს ინდივიდუალურად ვარჯიში და ფორმის ამ გზით შენარჩუნება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გუნდზე მოქმედებს, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ვცდილობთ, ყველა მატჩს საუკეთესო კონდიციაში შევხვდეთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

POPSPORT: ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, როგორც დინამო ბათუმის ფეხბურთელისთვის?

ჯიღაური: ამ ამბავს პირველ რიგში ბათუმელ გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს მივულოცავ. კარგი იქნებოდა, გახსნის ცერემონიაში დინამო ბათუმსაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ისევ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არაუშავს, ალბათ, ეს უახლოესი პერიოდისთვის გადაიდო და ჩემპიონატი ისე არ დასრულდება, რომ ახალ სტადიონზე არ ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, „პირატები“ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივრები არიან და ყველანი ველოდებით, რომ ამ არენაზე ვითამაშოთ. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, სტადიონი ჩვენთვის ყველაფერია და ფეხბურთელები მოედანზე გაათმაგებული მოტივაციით იქნებიან. ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან მაგარი სტადიონია და ზოგადად ევროპაშიც თითზე ჩამოსათვლელია ასეთი კარგი სტადიონები. ეს დიდი სტიმულია ქართული ფეხბურთისთვის და დინამო ბათუმისთვის.

POPSPORT: წინ 12 ნოემბერია. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია. როგორია ამ თამაშის წინ განწყობა?

ჯიღაური: ქართველ ხალხს ამ მატჩისგან განსაკუთრებული მოლოდონი აქვს. ჩვენთვის ყველაფერია, ერთი ნაბიჯი დარჩა ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებამდე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მჯერა, რომ შეგვიძლია, ეს ოცნება ყველამ ერთად ავიხდინოთ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებულის მოლოდინშია და ყოველდღე გეფიქრება ამ თამაშზე. ყველა მაქსიმუმს გაიღებს, არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებს, თუ სკამზე იქნება, ყველა ჩართული იქნება თამაშში ერთადერთი განცდით, რომ ავიხდინოთ ოცნება და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ.