დღეს ჯაბა ჯიღაური საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, დინამო ბათუმის ნახევარმცველი განვლილი ეტაპის სიმბოლურ გუნდშიც ბუნებრივია მოხვდა. მასთან ერთად სიმბოლურში დასახელდა ჩვენი გუნდის მცველი მამუკა კობახიძე.

⚽️⭐️ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები.

Posted by ეროვნული ლიგა on ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2020

ჯიღაური და კობახიძე დინამო ბათუმის მედია-პარტნიორის, პორტალ პოპსპორტის ჟურნალისტს, სანდრო ცნობილაძეს ესაუბრნენ.

პოპსპორტის სტატია:

ბათუმელთა ლიდერებს პირველი წრის და ასევე ევროპალიგის ეგიდით, ისრაელში გასამართ მნიშვნელოლვან მატჩზე ვესაუბრეთ. ჯიღაურის აზრით, ჩემპიონატის სტარტზე არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი, ძირითადად, შეუთამაშებლობა და ფეხბურთელების არასასურველ კონდიციაში ყოფნა იყო.

დინამო ბათუმს მომატება კიდევ შეუძლია

“სეზონის დასაწყისს პანდემიით გამოწვეული პაუზა დაემთხვა და იმის გათვალისწინებით, რომ შეთამაშების პრობლემა გვქონდა, სტარტი კარგი არ გამოვიდა. იმის თქმაც შეიძლება, რომ სათამაშო კონდიციები სათანადო არ იყო. დროთა განმავლობაში ფორმაში შევედით, გამარჯვებებმა ხასიათიც გამოგვიკეთა და ახლა აშკარად ვპროგრესირებთ. ჯერ ფორმის პიკზე არ ვართ და თამაშის გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია”, – განაცხადა ჯიღაურმა.

გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, დინამო ბათუმის მერვე ნომერი, უნივერსალურ შემტევად ჩამოყალიბდა. მისი საყვარელი პოზიცია ცენტრისკენ შეწეული განაპირა ნახევარმცველია, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე მატჩში გარემარბადაც ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში კი მარჯვენა მცველიც ყოფილა. ამპლუის ხშირი ცვლილება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ბათუმური კლუბის თამაშის სტილი, ბევრ მოძრაობას და ამის ხარჯზე მეტოქე მცველებისთვის პრობლემების შექმნასაც გულისხმობს.

“დინამო ბათუმში ისეთი სტილია, რომ პოზიციების ცვლა გვიწევს. თამაში შეიძლება ერთ ფლანგზე დავიწყო, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას  საპირისპირო ფრთაზე არაერთხელ მომიწევს გადასვლა. ორივე ფლანგზე, უფრო ცენტრისკენ შეწეულ ნახევარმცველად მოქმედება შემიძლია და ყველაზე მეტად სწორედ ამ პოზიციაზე მომწონს თამაში. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, გარემარბიც ვყოფილვარ, ხოლო ნაკრებში კი მარჯვენა მცველიც”, – ამბობს ჯიღაური. 

მსგავსად მთელი გუნდისა, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპალიგაზე ჰაპოელთან შეხვედრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ებრაული კლუბი ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, ხოლო შანსები კი თანაბარია.

“ვინც ისრაელის ჩემპიონატის გუნდები იცის, დამერწმუნება, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. ჰაპოელი არაა ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ზედიზედ სამჯერ ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. რამდენიმე ძლიერმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა.

შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველასთან შეიძლება, მითუმეტეს, ჰაპოელის დონის გუნდებთან. კარგი იქნებოდა, შეხვედრა ბათუმში რომ იმართებოდეს, მაგრამ არც ისრაელში თამაშსს ვუფრთხით. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ”.

მამუკა კობახიძემ ჰაპოელი უკვე დაზვერა 

გაშვებული გოლების რაოდენობის მიხედვით, დინამო ბათუმს მხოლოდ ლიდერ დინამო თბილისზე უარესი შედეგი აქვს. ბათუმელებმა ცხრა შეხვედრაში საკუთარ კარში მხოლოდ ხუთი ბურთი მიიღეს. სხვებთან ერთად, დაცვაში მწყობრი თამაში, რა თქმა უნდა, მამუკა კობახიძის დამსახურებაცაა. 27 წლის ცენტრალურ მცველს მიმდინარე ჩემპიონატის მხოლოდ ერთი მატჩი აქვს გამოტოვებული.

“ჩვენი სათამაშო სტილი დაცვითი არაა, მაგრამ მწვრთნელი უკანა ხაზის მოქმედებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ სათამაშო რგოლში პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში მამუკა კობახიძემ.

ბათუმელების დაცვის ოთხეულის სინქრონული მოქმდება არც მას შემდეგ დარღვეულა, რაც მძიმე ტრავმა მიიღო მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა, მისი პოზიცია კი ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაიკავა. კობახიძემ თანაგუნდელის ახალ პოზიციაზე მოქმედებები შემედგნაირად შეაფასა:

“ისე კარგად ითამაშა, რომ დებიუტის არაფერი ეტყობოდა. მატჩებამდე რაღაცებს მეკითხებოდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, ამეხსნა. ეს გასაგებიცაა – აქამდე მცველად არასდროს უთამაშია. “საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის უნივერსალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. მე, როგორც ცენტრალურ მცველს, დაზღვევაზე თამაში, ნაწილობრივ პარტნიორების მოქმედებების კორექტირება მიწევს ხოლმე. მამუჩაშვილთან ამ კუთხით პრობლემა არ მქონია”

რა თქმა უნდა, კობახიძეს ჰაპოელთან მომავალ დაპირისპირებაზეც ვკითხეთ.

“კონკრეტულ ინფორმაციას მეტოქეზე ჯერ არ ვფლობთ. ახლა ყველანი მერანთან მატჩზე ვფიქრობთ. ჯერ ეს თამაშია მოსაგები. ზედაპირული ინფორმაცია ჩემით მოვიძიე და ჰაპოელის თამაშების მომენტები ვნახე. მივხვდი, რომ მეტოქე ხუთი მცველით თამაშის ტაქტიკას იყენებს, თუმცა ეს უბრალოდ საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება უფრო იყო. მთავარი ის იქნება, რას გვეტყვიან მწვრთნელები”.