საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქული შეკრება დაასრულა და ბოლოს ტესტ-მატჩი ყაზახური ორდაბასის წინააღმდეგ გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი დამარცხდა, რაზეც დიდი გავლენა თამაშის ძალიან ცუდმა დასაწყისმა მოახდინა.
მე-2 წუთზე ყაზახები უკვე იგებდნენ. გოლი რუბენ ბრიგიდომ გაიტანა. დინამო ბათუმს მალევე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ზღვისპირელებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, რასაც ისევ ორწუთიანი ჩავარდნა მოჰყვა.
მე-13 და მე-15 წუთებზე ჟოაო პაულომ დუბლი შეასრულა და ანგარიში 0:3 გახდა.
გეგუჩაძის გუნდმა მაინც მოახერხა რეაბილიტაცია და პირველივე ტაიმში თამაში დაიძაბა. 33-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო 10 წუთში თავი ჯაბა ჯიღაურმაც გამოიჩინა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
დინამო ბათუმმა თურქეთში საერთო ჯამში 5 ტესტ-მატჩი ჩაატარა. ტულის არსენალთან (0:0) და უკრაინულ ლვოვთან (1:1) ფრედ ითამაშა, ბოსნიური ბორაცი ვლადიმერ მამუჩაშვილის დუბლით (2:0) დაამარცხა, ხოლო როტორთან (1:3) და ორდაბასისთან (2:4) ბოლო ორ სპარინგში დამარცხდა.
ამ თამაშით გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახალი სეზონისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს. ეროვნული ლიგის პირველ ტურში დინამო ბათუმი 27 თებერვალს ქუთაისის ტორპედოს სტუმრად დაუპირისპირდება.
დინამო ბათუმი 2:4 ორდაბასი
გოლები: 0:1 ბრიგიდო (2), 0:2 ჟოაო პაულო (13), 0:3 ჟოაო პაულო (15), 1:2 მამუჩაშვილი (33-პენ), 2:3 ჯიღაური (44), 2:4 მაჰლანგუ (86)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – ტეიდი, მამუჩაშვილი – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი – ფანცულაია