საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხააგური შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, ტულის არსენალთან გამართა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.
დინამო ბათუმის შეხვედრა საქართველოს ნაკრების მცველის, გია გრიგალავას გუნდთან დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუკი პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას გეგუჩაძის გუნდი ფლობდა, შესვენების შემდეგ ბურთს უფრო მეტად ტულის არსენალი აკრონტროლებდა.
ბათუმელებიდან ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ლუკაშ გროცურეკს შესვენებამდე ჰქონდა, მაგრამ რუსული გუნდის მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმში, 65-ე წუთისთვის, გია გეგუჩაძემ შეცვლები განახორციელა, რაც ბათუმელთა თამაშზე დადებითად აისახა. მატჩის მიწურულს მომენტი ვაკო თევდორაძეს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა.
აღსანიშნავია, რომ გია გრიგალავასთან ორთაბრძოლაში დაშავდა გიორგი ნიქაბაძე. ტრავმის ხარისხი მოგვიანებით დადგინდება, თუმცა წინასწარი ვარაუდით, დაზიანება სერიოზული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა თურქულ შეკრებაზე მანამდე უკრაინულ ლვოვსა (1:1) და ბოსნიურ ბორაცთან (2:0) ითამაშეს.
დინამო ბათუმი ბელეკში სპარინგს რუსეთის პრემიერლიგის კიდევ ერთ კლუბთან – ვოლგოგრადის როტორთანაც (16 თებერვალს) გეგმავს, თურქულ შეკრებას კი გია გეგუჩაძის გუნდი 20 თებერვალს დაასრულებს.
დინამო ბათუმი 0:0 არსენალი ტულა
დინამო ბათუმი (სასტარტო): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი – ფანცულაია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: აზაროვი, გაგოშიძე, მარგველაშვილი, ზარია, თევდორაძე, გეგეჭკორი, ნიქაბაძე, ტეიდი, ჯიჯავაძე.