დინამო ბათუმმა ახალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდმა მესამე ამხანაგური მატჩი თელავთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა.

ამხანაგური მატჩის სტატუსის მიუხედავად, ფეხბურთელები ხისტ ბრძოლას თავიდანვე არ ერიდებოდნენ, რის გამოც არბიტრს არაერთხელ მოუხდა თამაშის შეჩერება. მომენტები ორივე გუნდის კართან აქტიურად იქმნებოდა, თუმცა პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მაღალი ტემპი შესვენების შემდეგაც შენარჩუნდა, ანგარიში თელავმა ირაკლი რუხაძის გოლით 75-ე წუთზე გახსნა.

დინამო ბათუმმა სწრაფადვე გაათანაბრა. გიორგი ფანცულიამ ისარგებლა თელაველთა მცველის შეცდომით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კი აუღელვებლად, ეფექტური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა ახალწვეულმა სამივე საკონტროლო მატჩში შეძლო გატანილი გოლით თავის გამოჩენა.

დინამო ბათუმმა სეზონისთვის მზადების ფარგლებში მანამდე ამხანაგურად თბილისის ლოკომოტივთან (2:1) და გაგრასთან (2:2) ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე თურქეთის ქალაქ ბელეკში გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარებას გეგმავს.

დინამო ბათუმი 1:1 თელავი

გოლები: ფანცულაია

დინამო ბათუმი (I ტაიმი): ალავიძე – მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ჩალაძე – ტეიდი, მანჯგალაძე – ჯიჯავაძე, ალთუნაშვილი, თევდორაძე – ნიქაბაძე.

(II ტაიმი): ნავალოვსკი, ჯიღაური, ჩაბრაძე, აზაცკი, კობახიძე, ჩუკვურა, სანოგო, გროცურეკი, ფანცულაია.