საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. ბათუმელებმა მე-2 ამხანაგური მატჩი ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარეს. გია გეგუჩაძეს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, რომ ახალწვეულები გამოეცადა, ხოლო გუნდისთვის ეს უკეთ შეთამაშების მორიგი ტესტი გახლდათ.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, დინამო ბათუმი 23-ე წუთზე დაწინაურდა. მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ ჩაბრაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გიორგი ფანცულაიამ აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გეგუჩაძის გუნდს გოლის შემდეგაც არ დაუთმია სათამაშო უპირატესობა და ძირითადად სიტუაციას აკონტროლებდა.

მე-2 ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა, გუნდების შემადგენლობებში კი ცვლილებები განხორციელდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როდესაც ბათუმელთა კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა და ყოფილმა დინამოელმა თემურ შონიამ ლაზარე კუპატაძის კარი დალაშქრა – 1:1.

მიუხედავად ამისა, დინამო ბათუმმა გამარჯვება მაინც მოიპოვა. 88-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ახლო მანძილიდან თბილისელთა დაცვის უყურადღებო თამაშით კარგად ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამგვარად, 2:1 და დინამო ბათუმმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი თამაში მოიგო. მოგეხსენებათ, ოთხი დღს წინ გია გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს თასის მფლობელ გაგრასთან 2:2 ითამაშა.

დინამო ბათუმი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 1 თებერვალს, თელავთან გამართავს, 4 თებერვლიდან 20 თებერვალმდე კი ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში გააგრძელებენ მზადებას, სადაც ასევე რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარება იგეგმება.

დინამო ბათუმი 2:1 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ფანცულაია (23), 1:1 შონია (80), 2:1 ნიქაბაძე (88)