საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის გუნდს ვოლგოგრადის როტორს დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდი ამ მატჩამდე დაუმარცხებელი მივიდა, მაგრამ დადებითი სერია შეწყდა.

მატჩი მეტოქე გუნდის უპირატესობით წარმიართა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ოლეგ ალეინიკმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 55-ე წუთზე თავი ალექსეი შჩეტკინმა გამოიჩინა, ხოლო 9 წუთში ბათუმელთა კარში მე-2 პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად ზუსტად კამილ მულინმა შეასრულა და სხვაობა სამამდე გაზარდა.

დინამო ბათუმმა პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანა, გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში 1:3 დაფიქსირდა. მატჩის 79-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ბენჟამინ ტეიდის ჰქონდა, ნიგერილმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა მეტოქის საჯარომიშო და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი რუსული გუნდის ჯერ ერთ და მერე მეორე ძელს მოხვდა.

დინამო ბათუმმა თურქეთში აქამდე ტულის არსენალთან (0:0) და უკრაინულ ლვოვთან (1:1) ფრედ ითამაშა, ხოლო ბოსნიური ბორაცი (2:0) დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე მოემზადება, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 19 თებერვალს, ყაზახურ ორდაბასთან გამართავს.

როტორი 3:1 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 ალეინიკი (41-პენ), 2:0 შჩეტკინი (55), 3:0 მულინი (64-პენ), 3:1 ფანცულაია (90)

დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა: ალავიძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, მანჯგალაძე – ჯიჯავაძე, ზარია, ჯიღაური – ნიქაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: მამუჩაშვილი, თევდორაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია, გროცურეკი, ხარატიშვილი, ჩალაძე