ახალი სეზონისთვის მზადებას დინამო ბათუმი თურქეთში განაგრძობს. შეკრება ბელეკში 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღეს გამართული თურქული შეკრების პირველი ტესტ მატჩი უკრაინული “ლვოვის” წინააღმდეგ ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში უკრაინელებმა მატჩის 30-ე წუთზე რენანის გოლით გახსნეს. გაშვებული გოლის შემდეგ დინამო ბათუმი გააქტიურდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბათუმელთა მხრიდან, მეორე ტაიმში თავი გოლით გრიგოლ ჩაბრაძემ გამოიჩინა და მატჩის 70-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

თამაშის შემდეგ დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და გუნდის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კომენტარი გააკეთეს.

‘მთავარი შედეგი მაინც ის იქნება რასაც ჩემპიონატში ვაჩვენებთ, თუმცა ყურადღებას ვაქცევთ ამხანაგური მატჩების შედეგსაც, ახლა მთავარია ჩვენთვის გუნდის შეთამაშება, გარკვეული ხარვეზების გამოსწორება. ნებისმიერი თამაში ამ ეტაპზე გარკვეული ინფორმაციის შემცველია რომელიც უნდა დავამუშავოთ და შემდეგ გადავიტანოთ საწვრთნელო პროცესში.’ – განაცხადა გეგუჩაძემ.

ვლადიმერ მამუჩაშვილი: ‘ვფიქრობ ნორმალური თამაში ვაჩვენეთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველა ფეხბურთელმა ისიამოვნა თამაშით, თუმცა შედეგი მიანც ფრეა და ლოგიკური შედეგია, შეგვეძლო მოგვეგო და შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყოს და ბურთის ფლობითაც ვაჯობეთ მეტოქეს და საგოლე მომენტებითაც. ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, კიდევ გვექნება 4 თამაში და ვფიქრობ ხარისხი შემდეგ თამაშებში კიდევ უფრო დაიხვეწება.’

მომდევნო ტესტ მატჩებს ბათუმის დინამო 9 თებერვალს – ს.კ. რუხი ბრესტის წინააღმდეგ, 13 თებერვალს კი – ს.კ. არსენალ ტულას წინააღმდეგ გამართავს. დარჩენილი ორი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

დინამო ბათუმი 1:1 ლვოვი

გოლები: 0:1 რენანი (30), 1:1 ჩაბრაძე (70)

დინამო ბათუმი (I ტაიმი): კუპატაძე, ჩალაძე, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი, გროზურეკი, ჯიღაური, ფანცულაია, ნიქაბაძე.

ცვლილებაზე შემოვიდნენ: ჩალაძე – გეგეჭკორი, ფანცულაია – მანჯგალაძე, ნიქაბაძე – სანოგო, გროზურეკი – ჩაბრაძე, სანოგო – ზარია, ჯიღაური – ჯიჯავაძე, ტეიდი – აზაროვი, ალთუნაშვილი – თევდორაძე.